პირის ღრუს ჰიგიენის შეცდომები, რომლებიც იწვევს პაროდონტიტს – რას აკეთებთ არასწორად?

მთავარი >> პირის ღრუს ჰიგიენის შეცდომები, რომლებიც იწვევს პაროდონტიტს – რას აკეთებთ არასწორად?

წარმოიდგინეთ, დილით, სარკის წინ დგახართ, კბილებს იხეხავთ და ნიჟარაში სისხლის კვალს ამჩნევთ. რას გააკეთებდით ამ დროს? – სავარაუდოდ, ადამიანების უმეტესობა კვალს უბრალოდ წყლის გადავლებით ჩარეცხავს და იფიქრებს: „ალბათ, ჯაგრისი უხეშად გამოვიყენე“. სამწუხაროდ, ეს რეაქცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საშიში შეცდომაა.

სისხლდენა არასდროს არის ნორმა. ეს არის განგაშის სიგნალი, რომელსაც თქვენი ორგანიზმი გიგზავნით. ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ ღრძილების ანთება (იგივე გინგივიტი) უკვე დაწყებულია. თუმცა, პრობლემა გაცილებით ღრმაა – თუ ამ ნიშანს უგულებელყოფთ, ანთება პროგრესირებს და იმ დაავადებაში გადაიზრდება, რომელსაც პაროდონტიტი ეწოდება.

პაროდონტიტი არ არის მხოლოდ „ცუდი კბილები“. ეს არის ქსოვილებისა და ძვლის დაზიანება, რამაც შეიძლება სრულიად ჯანსაღი კბილების დაკარგვა გამოიწვიოს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამ დაავადების მთავარი მიზეზი ხშირად არა გენეტიკა, არამედ ყოველდღიური, გაუაზრებელი შეცდომებია.

ამ ბლოგში დეტალურად სწორედ იმ ფარულ შეცდომებს განვიხილავთ, რომლებსაც პირის ღრუს მოვლისას უშვებთ. ასევე, გასწავლით, როგორ გადაარჩინოთ თქვენი ღიმილი, სანამ გვიანი არ არის.

რა განსხვავებაა ღრძილების ანთებასა და პაროდონტიტს შორის?

სანამ უშუალოდ შეცდომებზე გადავიდოდეთ, აუცილებელია ის ორი მთავარი ცნება გავმიჯნოთ, რომლებსაც ხშირად ერთმანეთში ურევენ. ესენია გინგივიტი და პაროდონტიტი. მათ შორის განსხვავების ცოდნა დაგეხმარებათ, რომ რისკები სწორად შეაფასოთ.

ღრძილების ანთება (გინგივიტი) – გამაფრთხილებელი სიგნალი

ღრძილების ანთება ღრძილების დაავადების საწყისი ეტაპია. ამ დროს, ანთებითი პროცესი მხოლოდ ღრძილის ქსოვილს მოიცავს. მისი მთავარი გამომწვევი მიზეზი არის კბილის ნადები – ბაქტერიების წებოვანი ფენა, რომელიც კბილებზე გროვდება.

ამ დროს, შემდეგი სიმპტომები ვლინდება: ღრძილების შეწითლება, შესიება და კბილების გახეხვის ან ძაფის გამოყენებისას – სისხლდენა.

კარგი ამბავი არის ის, რომ გინგივიტი სრულად შექცევადია. სწორი ჰიგიენითა და პროფესიული წმენდით მისი განკურნება მარტივად შეიძლება.

პაროდონტიტი – როცა უკან დასახევი გზა ვიწროვდება

თუ გინგივიტს არ ვუმკურნალებთ, ის პაროდონტიტში გადაიზრდება. ეს უკვე გაცილებით სერიოზული დაავადებაა. ანთება ღრძილს ქვემოთ ვრცელდება და იმ იოგებსა და ძვლოვან ქსოვილს აზიანებს, რომლებიც კბილს იკავებენ.

უფრო ზუსტად, რა ხდება ამ დროს? – ღრძილები კბილებს „სცილდება“ და ე.წ. ჯიბეები წარმოიქმნება, რომელშიც ბაქტერიები ღრმად აღწევენ. შედეგად კი, ძვლის განლევა იწყება.

თანდათან, კბილები მორყევას იწყებენ და საბოლოოდ, შესაძლოა საჭირო გახდეს მათი ამოღება. პაროდონტიტი ქრონიკული დაავადებაა, მისი სრულად განკურნება რთულია, თუმცა შეჩერება (რემისია) შესაძლებელია.

სწორედ ამიტომ, პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია.

5 მთავარი შეცდომა ჰიგიენაში, რომელიც პაროდონტიტს იწვევს

აღსანიშნავია, რომ სტომატოლოგთან კონსულტაციაზე მოსულ ბევრ პაციენტს უკვირს, როგორ აღმოჩნდა მსგავსი პრობლემის წინაშე. ისინი სპეციალისტს ეკითხებიან: „ექიმო, მე ხომ კბილებს დღეში ორჯერ ვიხეხავ, რატომ მაქვს პაროდონტიტი?“ ამ კითხვაზე პასუხი მარტივია – ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია ის, თუ როგორ იხეხავთ კბილებს და რას ტოვებთ უყურადღებოდ.  

არსებობს შეცდომები, რომლებიც არ უნდა დაუშვათ. ახლა სწორედ 5 ძირითად შეცდომაზე ვისაუბრებთ. 

კბილების „აგრესიული“ და არასწორი გახეხვა

ბევრს ჰგონია, რომ ჯაგრისს რაც უფრო ძლიერად დააწვება, თავიანთი კბილები მით უფრო სუფთა იქნება. ეს მითია. რეალურად, ძლიერი დაწოლა და ჰორიზონტალური (აქეთ-იქით) მოძრაობები ღრძილებს აზიანებს.

რატომ არის ეს საზიანო? – აგრესიული ხეხვა ღრძილის ტრავმასა და მის რეცესიას (აწევას) იწვევს. კბილის ყელი შიშვლდება, რაც მგრძნობელობას ზრდის და ბაქტერიებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, კბილების სწორად გახეხვა. ამისთვის რბილი ან საშუალო სიმაგრის ჯაგრისი გამოიყენეთ. ის ღრძილის მიმართ 45-გრადუსიანი კუთხით დაიჭირეთ და ნაზი, წრიული („გვიგვისებური“) მოძრაობები დაიწყეთ. წარმოიდგინეთ, რომ ღრძილებს მასაჟს უკეთებთ.

კბილის ძაფის (ფლოსის) იგნორირება

„ძაფის გამოყენება მეზარება“ – ეს ფრაზა სტომატოლოგებს ყოველდღიურად ესმით. თუმცა, სტატისტიკა უტყუარია. ჯაგრისი კბილების ზედაპირის მხოლოდ 60%-ს ასუფთავებს, დარჩენილი 40% სწორედ კბილებს შორისაა.

კბილებს შორის ჩარჩენილი საკვების ნარჩენები და ნადები 24-48 საათში გამკვრივებას და კბილის ქვად გადაქცევას იწყებს. კბილის ქვა ღრძილს აწვება, ღრძილების ანთებას იწვევს და ძვლის დაშლას აჩქარებს.

საბედნიეროდ, არსებობს გამოსავალი. ყოველ საღამოს, გახეხვამდე ფლოსი (ან კბილთაშორისი ჯაგრისები/ირიგატორი) გამოიყენეთ. გახსოვდეთ, რომ ეს არა „დამატებითი“ პროცედურა, არამედ ჰიგიენის განუყოფელი ნაწილია.

კბილების წმენდის ხანგრძლივობის დაუცველობა

კბილებს რამდენი ხნის განმავლობაში იხეხავთ? კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანების უმეტესობა ამას საშუალოდ 30-45 წამს ანდომებს. ეს დრო კი, არასაკმარისია.

ქიმიური და მექანიკური ფაქტორი – კბილის პასტაში შემავალ ფთორს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს მოქმედებისთვის დრო სჭირდებათ. ასევე, მექანიკურად ყველა კბილის ზედაპირის გასასუფთავებლად 30 წამი ფიზიკურად ვერ გეყოფათ.

არსებობს სტანდარტი, ოქროს წესია – 2 წუთი, დღეში 2-ჯერ. ტელეფონზე ტაიმერი ჩართეთ ან ისეთი ელექტრო ჯაგრისი გამოიყენეთ, რომელშიც ტაიმერია ჩაშენებული. ეს მარტივი ჩვევა ნადების რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებს.

ძველი ჯაგრისის გამოყენება

ბოლოს როდის შეცვალეთ ჯაგრისი? თუ პასუხი არის „არ მახსოვს“, მაშინ პრობლემა გაქვთ.

არსებობს უხილავი საფრთხე – 3 თვის შემდეგ, ჯაგრისის ბუსუსები ელასტიურობას კარგავს და დეფორმირდება, რის გამოც ეფექტურად ვეღარ ასუფთავებს. უფრო უარესი შესაძლებლობაც არსებობს – ძველი ჯაგრისი ბაქტერიებისა და სოკოების ბუდედ იქცევა. შედეგად, ნაცვლად იმისა, რომ ბაქტერიები მოიშოროთ, თქვენ პირის ღრუს ახალ კოლონიებს უმატებთ.

რეკომენდებულია, რომ ჯაგრისი ყოველ 3 თვეში ერთხელ შეცვალოთ. შეგიძლიათ ეს უფრო ადრეც გააკეთოთ, თუ ჯაგრისის ბუსუსები გაიშალა. ასევე, აუცილებლად შეცვალეთ ჯაგრისი ვირუსული ინფექციის (გრიპი, ანგინა) გადატანის შემდეგ.

ენის წმენდის გამოტოვება

ბევრი ადამიანი პირის ღრუს ჰიგიენას მხოლოდ კბილებით განსაზღვრავს, მაგრამ ენა ბაქტერიების უზარმაზარი რეზერუარია.

ენის ხორკლიანი ზედაპირი ბაქტერიების გასამრავლებლად იდეალური ადგილია. თუ მათ არ მოიშორებთ, ისინი კბილებსა და ღრძილებზე სწრაფად გადავლენ. ეს კი, თავის მხრივ, უსიამოვნო სუნისა და ანთებითი პროცესების გაჩენას ხელს შეუწყობს. 

მაშ, როგორ უნდა მოიქცეთ? – ყოველი გახეხვის შემდეგ ენა ჯაგრისის ზურგით ან სპეციალური ენის საფხეკით ნაზად გაიწმინდეთ. 

რისკ-ფაქტორები, რომლებიც სიტუაციას ამძიმებს

უნდა იცოდეთ, რომ გადამწყვეტი ფაქტორი მხოლოდ ჰიგიენა არ არის. არსებობს მიზეზები, რომლებიც პაროდონტიტის განვითარებას აჩქარებენ და მის მკურნალობას ართულებენ. უფრო კონკრეტულად, მათ შესახებ ახლა გიამბობთ.

თამბაქოს მოხმარება – ეს ღრძილების ნომერ პირველი მტერია. ნიკოტინი სისხლძარღვებს ავიწროებს, რის გამოც ღრძილებიდან სისხლდენა არ შეინიშნება. ეს ილუზიას ქმნის, რომ „ყველაფერი რიგზეა“, სინამდვილეში კი დაავადება ფარულად და აგრესიულად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ მწეველებში მკურნალობის ეფექტურობაც გაცილებით დაბალია.

შაქარი და ნახშირწყლები – ბაქტერიები შაქრით იკვებებიან. რაც უფრო ხშირად მიირთმევთ ტკბილეულს, მით უფრო „ბედნიერია“ კბილის ნადები. შედეგად, პირის ღრუში მჟავა გარემო იქმნება, რაც მინანქარს შლის და ღრძილებს აღიზიანებს.

სტრესი – ქრონიკული სტრესი იმუნურ სისტემას ასუსტებს, ორგანიზმს ინფექციებთან ბრძოლა უჭირს, რაც ღრძილების ანთებას უფრო მწვავეს ხდის.

პრევენცია და მკურნალობის გზები – როგორ დაიცვათ თავი?

თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე ნაცნობია, პანიკაში ნუ ჩავარდებით. გახსოვდეთ, რომ სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია.

პროფესიული წმენდა – აუცილებლობა და არა ფუფუნება

რაც არ უნდა კარგად გაიხეხოთ კბილები სახლში, კბილის ქვის სრულად მოცილება დამოუკიდებლად შეუძლებელია. ამიტომ, 6 თვეში ერთხელ სტომატოლოგთან ვიზიტი და პროფესიული კბილის წმენდა (სკეილინგი) სავალდებულოა. ეს პროცედურა აშორებს ქვებს ღრძილქვეშა სივრცეებიდან, სადაც ანთების კერები იმალება.

იდეალური რუტინა სახლში

დილით კბილები საუზმის შემდეგ (ან საუზმემდე, თუ მჟავე საკვებს იღებთ) გაიხეხეთ და ენის წმენდა არ დაგავიწყდეთ. 

საღამოს ფლოსი (კბილის ძაფი) გამოიყენეთ, კბილები 2 წუთის განმავლობაში გაიხეხეთ და ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, სავლები საშულება გამოიყენეთ. 

სავლები საშუალებები

ისეთი ანტიბაქტერიული სავლები საშუალებები გამოიყენეთ, რომლებიც ალკოჰოლს არ შეიცავს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ალკოჰოლი პირის ღრუს აშრობს. გახსოვდეთ, სავლები არ ცვლის გახეხვას, ის მხოლოდ დამხმარე საშუალებაა.

დროულად იმოქმედეთ

პაროდონტიტი ვერაგი დაავადებაა, ის უმტკივნეულოდ იწყება, მაგრამ შედეგები შეიძლება სავალალო იყოს. თუმცა, თქვენს ხელშია ძლიერი იარაღი – ინფორმირებულობა და სწორი ჰიგიენა. ყოველდღიური 5-წუთიანი რუტინის შეცვლით, თქვენ შეგიძლიათ ძვირადღირებული მკურნალობა თავიდან აიცილოთ და ჯანსაღი ღიმილი სიბერემდე შეინარჩუნოთ.

კბილის მორყევას ან ტკივილს ნუ დაელოდებით. თუ სარკეში ჩახედვისას შეწითლებული ღრძილები ან სისხლდენა შეამჩნიეთ, ეს ნიშნავს, რომ მოქმედების დროა.

გაქვთ ეჭვი, რომ ღრძილების ანთება გაწუხებთ? – სპეციალისტთან ვიზიტს ხვალისთვის ნუ გადადებთ. პაროდონტოლოგთან კონსულტაციაზე დღესვე ჩაეწერეთ და პრობლემა საწყის ეტაპზე შეაჩერეთ.